logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გორდიას კვანძი

22 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

15 ივნისია ის სავარაუდო თარიღი, როდესაც გვეცოდინება, მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის, თუ უარით გამოგვისტუმრებენ. მომენტის ისტორიულობიდან გამომდინარე, მთელ საზოგადოებაში ნათლად იგრძნობა, რომ ქართული პოლიტიკა, რომელიც დღეს გორდიას კვანძივითაა ჩახლართულ-ჩანასკვული, ქვეყანას წინსვლის და განვითარების შანსს არ აძლევს..

იდეალური იქნებოდა ისეთი საზოგადოება ვიყოთ, სადაც სხვადასხვა ჯგუფებსა თუ ფენებს შორის: სახელმწიფო ინსტიტუტებში, საპატრიარქოში, კონფესიებს შორის, პროფესიულ ჯგუფებსა თუ არასამთავრობო სექტორში, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებში მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს და ეს ჯგუფები საერთო ეროვნულ ამოცანაზე და მისი მიღწევისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე არა მარტო თანხმდებიან, არამედ მკაცრ შეკვეთას აძლევენ პოლიტიკურ კლასს, რომ საერთო ეროვნული ამოცანა ბოლომდე გაიაზრონ, შეთანხმდნენ და საქმეში ერთიანობა აჩვენონ.

ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სწორედ ასე დასახეს ევროინტეგრაცია საერთო ეროვნულ ამოცანად, მის გარშემო ყველა გაერთიანდა და მიაღწიეს კიდეც სასურველ მიზანს. ევროკავშირის წევრობა თითქოს საქართველოშიც ეროვნული ამოცანაა, კონსტიტუციაც ამას გვეუბნება და მოსახლეობის 80 პროცენტიც ერთგულად ემხრობა. თუმცა, ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და ნაც-ქოცური გამყოფი ხაზი ყველაფერს ჩრდილავს და საზოგადოებას ერთმანეთთან საუბრის და ერთი იდეის - სახელმწიფოს იდეის გარეშემო გაერთიანების რესურს უსპობს.

ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რატომაც ტელევიზიაში დაბრუნება გადავწყვიტე, იყო იმედი, რომ ამ უკიდურესად გახლეჩილი საზოგადოების ნაპირებს შორის, თუნდაც ვიწრო ხიდებს მაინც გავდებდით, დიალოგის პლატფორმებს გავაჩენდით, სადაც საზოგადოების წევრები, მიუხედავად ასაკისა, სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, შეძლებდნენ ერთ სივრცეში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას თუ არა, მინიმუმ მსჯელობას და მორიგებას მაინც. მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ეს არ გამოგვდის. უფრო სწორად, ქვეყანაში არსებული ვითარება არ იძლევა ამის საშუალებას.

სოციალურმა მედიამ, ინფორმაციის მიმოცვლაში, უფრო მეტად კი მის ინტერპრეტირებაში მილიონობით ადამიანის ჩართვამ და პოლიტიკურ კლასთან მეტმა შემხებლობამ ყველგან მოიტანა არასასურველი პოლარიზება, გაყოფილი საზოგადოებების უფრო რადიკალიზება და დაპირისპირება. საქართველოში ამან უკიდურესი კონფრონტაციის სახე მიიღო და მრავალი ჭრილობისგან ჯერ კიდევ მოუშუშებელ სახელმწიფო ორგანიზმს ძალების მობილიზების საშუალებას არ აძლევს.

საქართველო ასეთი პოლარიზებული დიდი ხანია არ ყოფილა, შეიძლება ითქვას არც არასოდეს. პოლარიზაცია ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების სისტემურ მექანიზმად ჩამოყალიბდა. ვინც ხელისუფლებას რაიმე ფორმით აკრიტიკებს, ყველა ნაცია: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც: ამერიკის ელჩიც ნაცია, ევროპარლამენტარებიც ნაცები არიან და მათ ყველას “საქართველოს ომში ჩათრევა” უნდათ. ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ ოცნების დასპონსორებული ეს რიტორიკა საზოგადოების კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას ემსახურება და სახელმწიფო ინტერესების, კონკრეტულად კი საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ მუშაობს. ხელისუფლება აქტიურად ამუშავებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ თუ საქართველოს ბრიუსელიდან უარით გამოისტუმრებენ, ეს არა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის, მეტიც - გამომწვევად პროვოკაციული ქმედებების, არამედ ნაცების და მათი ე.წ. “დასავლელი მფარველების” დამსახურება იქნება. ყველანი, მათ შორის ისინიც ხვდებიან, რომ ევროკავშირის უარი ავტორიტარიზმის საბოლოო ფაზაში გადასვლას და ქვეყნის მომავლის დაჟანგებულ რუსულ რეჟიმზე მიბმას ნიშნავს.

ამ ჭაობში ჩახრჩობისგან თუ რამეს შეუძლია ჩვენი ხსნა, პირველ რიგში ეს ევროპის მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელია, რაც ავანსად მოცემულ კანდიდატის სტატუსში უნდა გამოიხატოს, რომელსაც თან რეკომენდაციები კი არა, უკვე ვალდებულება მოჰყვება იმისთვის, რომ ოცნებამ ეს გადაწყვეტილება ინდულგენციად არ აღიქვას და ქვეყანა ავტორიტარიზმს არ ემსხვერპლოს.

თუმცა, ევროკავშირი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს მხრიდან დადებითი და იმედისმომცემი სიგნალი არ გაიგზავნა. ამ მხრივ ხელისუფლების იმედად ყოფნა უკვე გულუბრყვილობაც კი აღარაა.

დღეს ასეთი რესურსი და მით უმეტეს კონსტიტუციური ბერკეტი არც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, არც დამონებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არც ორად გახლეჩილ საზოგადოებას. ამის გაკეთება მხოლოდ ერთ ადამიანს, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების დისკრეციულ უფლებას ფლობს. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტის მთავარი მიზანი კი, სწორედაც რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, არასწორი პოლიტიკის კორექტირება და კრიზისების განმუხტვაა.

საქართველოს პრეზიდენტს დღეს აქვს უნიკალური შანსი, გაასწოროს საქართველოს გამრუდებული პოლიტიკური ტრაექტორია, არ მისცეს საშუალება ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს და ცივილიზაციის პერიფერიაზე ჩაყვინთოს. საჭიროა გადაწყვეტილება, რომელიც ყველა იმ პირს შეეხება, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულების ეჭვი. ასევე მათაც, ვინც დღეს ხელისუფლებაშია და შესაძლოა მომავალში პოლიტიკური ნიშნით დევნა დაემუქროთ. ეს იქნება უდიდესი გარღვევა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური საჭადრაკო დაფის ახალი, ევროპული "პარტიისთვის" მომზადება, სადაც ყველა მოთამაშეს ექნება შანსი, დარჩეს პოლიტიკური მოედანზე ახალ მოთამაშეებთან ერთად და ხელი შეუწყოს საქართველოს დასავლურ პერსპექტივას.

თავს ვერ მოვიტყუებთ რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „დეუს ექს მახინას“ როლი ექნება და ყველაფერი უცბად, თითქოს არსაიდან მოგვარდება. მით უმეტეს გასაგებია, რომ ყველგან და ყოველთვის გამოჩნდებიან სკეპტიკოსები: ოცნებაში იტყვიან რომ პრეზიდენტიც ნაცია. არც ნაცმოძრაობაში გაიხდიან მის სახელს საფიცარ ხატად. თუმცა, ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, თუ როგორ დარჩება პრეზიდენტი ისტორიაში: ლიდერად, რომელმაც საყოველთაო პოლიტიკური ამნისტიით ქვეყანას ევროპული პერსპექტივა და დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანსი შეუნარჩუნა, თუ ფუნქციადაკარგულ მარიონეტად, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში არ ეყო გამბედაობა გაეხსნა, უფრო სწორედ გადაეჭრა გორდიას კვანძი, რომელიც თავისუფლების მოყვარე ქართველი ერისთვის ლამის სახრჩობელად გადაიქცეს.


close დახურვა