ამბობენ, რომ ჭადრაკში ყველაზე ძლიერი სვლა საჭადრაკო დაფის თავზე გადამტვრევააო..
ხუმრობით რა თქმა უნდა.. ჭადრაკი ინტელექტისა და წესების თამაშია. დაფის დამტვრევის შემდეგ ჭადრაკი აღარ არსებობს. რჩება მხოლოდ ველური ძალა.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს "პოლიტიკის გროსმაისტერი" უწოდა. გროსმაისტერი, რომელსაც ყველა სვლა წინასწარ აქვს გათვლილი, ყველა კომბინაცია დამუშავებული და ყველა მოწინააღმდეგე დამარცხებული.
მაგრამ, 2 დღის წინ, სწორედ ამ "გროსმაისტერის" პოლიტიკურმა სისტემამ აირჩია ყველაზე პრიმიტიული სვლა - ოპონენტის თავზე საჭადრაკო დაფის გადამტვრევა.
პარლამენტში, სადაც სიტყვით უნდა იმარჯვებდე, ძალით გაიმარჯვეს.
იმ პარლამენტში, სადაც ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ დარჩა, სადაც არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ მანდატებზე უარი თქვა, სადაც "გახარია საქართველოსთვის" ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ჯერ კიდევ საპარლამენტო საქმიანობაში ხედავს აზრს, სწორედ ამ ჯგუფს დაესხნენ თავს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა.
წლების განმავლობაში ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ პრობლემა იყო ოპოზიციის რადიკალიზმი. რომ პრობლემა იყო ბოიკოტი და პარლამენტის გარეთ ბრძოლა.
მაგრამ როდესაც პარლამენტში დარჩენილ ერთადერთ ოპოზიციურ ჯგუფსაც ცემ, მისი ლიდერის დასაჭერად და პარტიის ასაკრძალად მართლმსაჯულებას იარაღად იყენებ, უკვე ცხადი ხდება, რომ პრობლემა არც რადიკალიზმია და არც ბოიკოტი - პრობლემა თავად ოპოზიციის არსებობაა!
რეჟიმი, რომელიც ოპონენტს მხოლოდ მაშინ აღიარებს, როდესაც ის დუმს, სინამდვილეში ოპონენტს საერთოდ არ აღიარებს.
პარლამენტში უმცირესობაზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ხელისუფლებამ
კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც თვითგამოცხადებულ "გროსმეისტერს", თუნდაც უკიდურესად ლიმიტირებული დემოკრატიული თამაშის წესებით მოგება აღარ გამოდის, ავტორიტარული ძალაუფლება ყოველთვის ერთსა და იმავე სვლას აკეთებს - სათამაშო დაფას ოპოზიციას თავზე ალეწავს. და ეს არის მომხდარის მთავარი შინაარსიც - რეჟიმმა საკუთარივე საპარლამენტო ვიტრინა დაამსხვრია. იმიტაცია - თითქოს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური დებატი და საპარლამენტო პროცესი, თავადვე სრულ ფიქციად აქცია. როცა ერთადერთ ოპოზიციურ ჯგუფსაც კი ოლიმპიური ჩემპიონის მუშტით ელაპარაკები, პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი უქმდება. ის ტატამია და მხოლოდ უხეში, უინტელექტო ძალის და კორუმპირებული ძალაუფლების სათარეშო ტერიტორიად იქცევა.
