ხშირად მითქვამს, რომ "ქართული ოცნება" საშიშია საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ შორის - საკუთარი მხარდამჭერებისთვისაც. შეიძლებოდა ვინმეს ეს მხოლოდ სუბიექტურ შეფასებად, ან გადაჭარბებად მიეჩნია. მაგრამ მგონი უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ეს შეფასება აღარ არის.
ეს რეალობის აღწერაა. სახელმწიფოს დეგრადაცია მხოლოდ პოლიტიკურ და მორალურ კრიზისს აღარ ნიშნავს. ის უკვე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა - უსაფრთხოებაში, წესრიგში, გადაადგილებაში, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო კომფორტსა და ცხოვრების ხარისხში. გასულმა ტრაგიკულმა კვირამ ეს განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა.
თბილისში შეიარაღებულმა ადამიანმა ოთხ მოქალაქეს ესროლა. 17 წლის ბიჭი დაიღუპა. დაკავებულის დედა ამბობს, რომ შვილს წლების განმავლობაში მძიმე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, შესაბამისი უწყებები ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ იარაღი მაინც დაუბრუნეს თუ ეს მართლაც ასეა, კითხვა მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაულზე ვეღარ გაჩერდება. კითხვა და პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს ეკუთვნის: როგორ აღმოჩნდა იარაღები პიროვნების ხელში, რომლის მდგომარეობაც, წლების განმავლობაში, პროგნოზირებად საფრთხეს წარმოადგენდა? რატომ ვერ იმუშავა ვერც პრევენციამ, ვერც მონიტორინგმა და ვერც უწყებებს შორის კოორდინაციამ? სახელმწიფოს დანიშნულება ხომ მხოლოდ დამნაშავის დაკავება არ არის. მისი მთავარი მოვალეობა ტრაგედიის თავიდან აცილებაა.
ეს ერთი კონკრეტული ტრაგედია არ ყოფილა. ამ ერთმა კვირამ კიდევ რამდენიმე განსხვავებული ამბავი გვაჩვენა, რომელთაც ერთი საერთო მიზეზი აქვთ - სახელმწიფო სულ უფრო ხშირად ვეღარ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას: დაიცვას მოქალაქე. ვნახეთ, როგორ დასრულდა რამდენიმედღიანი პროპაგანდისტული კამპანია ქუჩაში ძალადობით. ჯერ ახალგაზრდა იუმორისტი მონიშნეს. შემდეგ მის წინააღმდეგ სიძულვილი გააღვივეს. ბოლოს - ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ სასამართლომაც თავისი ბეჭედი დაუსვა ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს და იმავე სასამართლოს ეზოში თავმოყრილი "ღირსების დამცველ" მამაკაცთა ოვაციით მოძალადის ქმედება "საგმირო" ეპოსად გადააქცია.
ასე მუშაობს ძალადობის პოლიტიკა: ჯერ - სიტყვების და შინაარსის დეფორმირება. შემდეგ - სიძულვილი. ბოლოს - მუშტი. დაუსჯელი, პირიქით - სახელმწიფოს მიერ დაჯილდოებული მოძალადე თავისუფლებაზე. პარალელურად, ფეისბუქის პოსტების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტსა და ექიმს. სახელმწიფო მოქალაქეს ფიზიკურადაც ვეღარ იცავს, სამაგიეროდ სულ უფრო აგრესიულად სჯის მის კრიტიკულ აზრს.
ამავე კვირაში ვნახეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემური ჩამოშლაც. ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ ქვეყანა რამდენიმე საათით პარალიზებული დატოვა. გაჩერდა მეტრო, შეფერხდა ტრანსპორტი და კავშირი, პრობლემები შეექმნა ბიზნესს, სასმელი წყლით მომარაგებას, სამედიცინო დაწესებულებებსა და ასიათასობით მოქალაქეს. და რაც ყველაზე საგანგაშოა - ასეთი მასშტაბის გათიშვა 24 საათში მეორედ მოხდა. ავარია ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. მაგრამ როდესაც ერთსა და იმავე კრიზისს სისტემური ხასიათი ეძლევა, მხოლოდ ტექნიკურ გაუმართაობაზე ვეღარ ვისაუბრებთ. ეს უკვე მართვის ხარისხის საკითხია. იგივე ვნახეთ თბილისსა, თუ რეგიონებში სტიქიების დროსაც - წლების განმავლობაში უგულებელყოფილი რისკები, მოუმზადებელი ინფრასტრუქტურა, დაგვიანებული რეაგირება და შემდეგ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოს - იქნება ეს ელექტრომომარაგება, გზები, ხიდები, სტიქიის პრევენცია თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობა. სისტემური დეგრადაცია მხოლოდ დიდი კრიზისებით არ იზომება. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი მაგალითად საცობებშიც ჩანს. ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აუცილებელია. მაგრამ ქალაქის მართვა მხოლოდ ქუჩის, მითუმეტეს მთავარი გამზირის გადაკეტვა არ არის.
მართვა ნიშნავს, წინასწარ იფიქრო ადამიანზე - როგორ მივა სამსახურში, როგორ გადაადგილდება მოხუცი ან ბავშვი, როგორ გაივლის სასწრაფო, როგორ იმუშავებს საპატრულო პოლიცია და როგორ აიცილებ თავიდან ქაოსს. ამის ნაცვლად, სამუშაოების ცუდმა დაგეგმვამ, სუსტმა კოორდინაციამ, პატრულის პასიურობამ, ინფორმაციის ნაკლებობამ და ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო სპეციფიკის გაუთვალისწინებლობამ სრული კოლაფსი შექმნა. ქალაქის ცენტრში გადაადგილება უმძიმეს გამოცდად იქცა, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრება - გაუსაძლისი.
და ეს მაშინ, როდესაც სასკოლო სეზონი წინ გვაქვს. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება წვრილმანი ჩანდეს. მაგრამ სწორედ ასეთი "წვრილმანებით" ინგრევა ცხოვრების ხარისხი და ქრება მოქალაქის ნდობა სახელმწიფოს მიმართ. მკვლელობა, წახალისებული ძალადობა, აზრისთვის პატიმრობა, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა, სტიქიისთვის მოუმზადებლობა და ქალაქის ცენტრში შექმნილი ქაოსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები არ არის. ეს ერთი პროცესია. პროცესი, რომლის დროსაც ხელისუფლება სახელმწიფოს თანდათან აკარგვინებს მთავარ ფუნქციას - დაიცვას მოქალაქე, იზრუნოს მასზე და მისთვის ნორმალური ცხოვრების პირობები შექმნას. ეს საფრთხე არ არჩევს, ვინ ვის აძლევს ხმას. ელექტროენერგია ყველას ეთიშება. საცობის გამო სასწრაფო ყველასთან ერთნაირად იგვიანებს. სტიქია პარტიულ ბილეთს არ ითხოვს. ქუჩაში გასროლილი ტყვია კი პოლიტიკურ კუთვნილებას არ ამოწმებს.
ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ მოგონილ მტრებზე, შეთქმულებებსა და უცხოურ ძალებზე გვესაუბრება. ქართველებს ხელოვნურად უპირისპირებს ერთმანეთს, რათა პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვას გადააბაროს. რეალური საფრთხეები კი სულ უფრო ხშირად სწორედ იქ ჩნდება, სადაც სახელმწიფოს თავისი საქმე აქვს საკეთებელი. სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეს ვეღარ იცავს, ქალაქს ვეღარ მართავს, ინფრასტრუქტურას ვეღარ ამუშავებს, მოძალადეს ახალისებს და თავისუფალ სიტყვას სჯის, უკვე მხოლოდ ცუდად მართული სახელმწიფო აღარ არის. ის ყველასთვის საშიში სახელმწიფო ხდება. მათთვისაც, ვინც ამას დღეს ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს, რადგან კერძო სასახლის სახურავიდან აფრენილი ვერტმფრენიდან დაჰყურებს ქვეყანას.
მათთვისაც, ვის მშიერ კუჭსაც ომის შიშითა და სიძულვილით კვებავენ და ხელისუფლებას ჯერ კიდევ უჭერს მხარს. რადგან, სანამ საზოგადოებას სახელმწიფოს მოგონილ მტრებზე აჩხუბებენ, ჩვენს ფეხქვეშ ნამდვილი სახელმწიფო გვენგრევა. და როდესაც ის საბოლოოდ ჩამოიშლება, ნანგრევებში ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ცალ-ცალკე არ აღმოვჩნდებით. იქ ყველანი ერთად მოვყვებით...
