ჯერ მოღალატე და ნაცებთან გარიგებული გახადა, რაც პოლიტიკიდან გაუჩინარებულმა ივანიშვილმა წერილით დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ მას გახარიასთან აღარაფერი აკავშირებს.
ყოფილ პრემიერს წესიერად ჯერ პასუხიც არ ჰქონდა გაცემული ერთი შეხედვით აბსურდულ ბრალდებებზე, რომ კობახიძემ ცეცხლის მეორე სერია გახსნა. ამჯერად, მან ძველი ბრალდებები აღარ იკმარა და ბოლო წლების განმავლობაში, ოცნების ჭარბად დაგროვილ პრობლემებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ გახარიას დააკისრა. მიზეზად კი მისი უნიჭოდ თუ უხარისხოდ ჩატარებული სპეცოპერაციები დაასახელა.
თუ მართლა ასე იყო და გახარია ოცნების მუდმივი პრობლემა და თავსატეხი გახდა, რატომ აწინაურებდნენ და ქმნიდნენ მისგან სუპერ გმირს? იკითხავს ალბათ ლოგიკურად მოაზროვნე. თუმცა, კობახიძის 1 საათიანი ინტერვიუს სამიზნე არა ლოგიკურად მოაზროვნეები, არამედ ოცნების ის ამომრჩეველია, რომელთათვისაც ლოგიკაც და ობიექტური რეალობაც სწორედ ისაა, რასაც ივანიშვილი და ოცნების ლიდერები ეუბნებიან. სწორედ მათ ხარჯზე გახდა გახარია სუპერგმირი - ოცნების გუნდში ყველაზე რეიტინგული, ივანიშვილის ერთგული, სუპერ მენეჯერი, დღეს კი უკვე ოცნებისა და ივანიშვილის მთავარი ტაქტიკური თავის ტკივილი. ოცნების შექმნილი და წლების განმავლობაში ნაშენები გახარიას იმიჯი დღეს უკვე მმართველი ძალის ერთ-ერთ მთავარ ელექტორალურ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აბსურდულობის მიუხედავად, კობახიძის ბრალდებები ივანიშვილის წერილთან ერთად, პოლიტ ტექნოლოგიურად გათვლილი შორსმიმავალი გეგმის ნაწილია, რომელიც გახარიას პოლიტიკური პერსპექტივის მინიმალურთან მიახლოებას ემსახურება.
გახარიაზე თავდასხმის პირველ სერიაში, რომელიც კვლავ გრძელდება ოცნების ზედა თუ საშუალო რგოლის წარმომადგენლების მხრიდან, მთავარი ამოცანა იყო გახარია ოცნებისა და ივანიშვილის ღალატში დაედანაშაულებინათ, მოწინააღმდეგე ბანაკისთვის მიეწებებინათ და აშკარა გაეხადათ ოცნების ამომრჩევლისთვის, რომ ყოფილი პრემიერის მხარდაჭერა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემას ნიშანვს.
თუმცა საბოლოო ამოცანის ბოლომდე შესასრულებლად ეს ეს საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოცნების ელექტორატი დაიჯერებს, რომ გახარია ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არ არის და დამოუკიდებელი მოთამაშეა, ის მათ თვალში შესაძლოა სუპერგმირად აღარ თუმცა სუპერ მენეჯერად მაინც რჩება, რაც ყოფილ პრემიერს ოცნებისთვის ხმების წართმევის გარკვეულ შანსს მაინც უტოვებს. სწორედ ამ შესაძლებლობის ბოლომდე მოსასპობად გახსნა კობახიძემ ცეცხლის მეორე სერია. რომლის მიზანიც უკვე არა მხოლოდ იმის მტკიცებაა, რომ გახარია მოღალატე და ივანიშვილის მტერია, არამედ იმისაც, რომ ის არა სუპერ მენეჯერი, როგორც ამას ოცნება წარმოაჩენდა, არამედ ერთი საშუალო თუ საშუალოზე სუსტი მმართველია, რომელმაც არაკვალიფიციურად დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციებით დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. უკეთეს შემთხვევაში მას ეს უმეცრებითა და არაკომპეტენტურობით მოუვიდა, უარეს შემთხევაში კი ნაციონალებთან გარიგებით თუ მათი გავლენის ქვეშ ყოფნით. ივანიშვილსა და ოცნებას კი მისი დაცვა იმიტომ მოუწია, რომ ამ ყველაფრით ისევ ნაცმოძრაობას არ ეხეირა.
დღეიდან გახარიას მოღალატეობის ამბავთან ერთად, ოცნების წარმომადგენლებისგან მის უვარგის მენეჯერობაზეც მოვისმენთ ისტორიებს, რამაც გახარიას სუპერ მენეჯერის იმიჯის დემოტაჟს უნდა შეუწყოს ხელი. აი, ვიხილავთ თუ არა ყოფილ პრემიერზე შეტევის მესამე ტალღას და აღიძრება თუ არა საქმეები გახარიას ავანტიურისტულად და უხარისხოდ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, ეს ერთი მხრივ, თავად გახარიას პასუხზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ჯერჯერობით ისევ ჩირგვში ზის და ივანიშვილის წინააღმდეგ ცეცხლს ცოცხალი თავით არ ხსნის, მეორე მხრივ, კი ოცნების მორიგ შიდა სოციოლოგიურ კვლევებზე, რომელმაც გახარიას დარჩენილი პოლიტიკური პოტენციალი უნდა გაზომოს.
ოპერაცია "სუპერგმირის დემონტაჟი" ყველა შემთხვევაში გაგრძელდება.