ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მოზარდის გარდაცვალებას ფეისბუკპოსტით ეხმაურება. გიორგი მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა და ეს ვერშემდგარი სახელმწიფო იკვებება ადამიანების გვამებით. მისივე განცხადებით, ჩვენ დანაშაულებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
„ჩვენ ვცხოვრობთ დანაშაულებრივ სახელმწიფოში და ყოველგვარი მორალისა და ზნეობისგან დაცლილ საზოგადოებაში. ეს „შემდგარი სახელმწიფო“ ბავშვების და ზრდასრულების გვამებით იკვებება. ამის მანდატს სახელმწიფოს ამორალური საზოგადოება ანიჭებს. სააკაშვილიც, ივანიშვილიც, შიოლაშვილიც - საზოგადოების დაკვეთებია, რომლებსაც ისინი წარმატებით ასრულებენ. ყველა მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა ამ საზოგადოების დაკვეთებია, მისი ამორალურობის და გახრწნილების პირდაპირი ნაყოფი, იმ თვალთმაქცობის, სიყალბის, სიცრუის და ტოტალური კორუმპირებულობის შედეგი, რომელსაც აქ მორალური კანონის სახე აქვს მიღებული. მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი და მთელი ბიზნეს-ელიტა, მთელი კორუმპირებული ეკლესია, - ეს ნამდვილი სოდომი და გომორა - ესაა კანიბალების დოღი, რომელშიც „წარმატება“ იმითი იზომება, ვინ უფრო მეტ ადამიანს შეჭამს, ფიზიკურად გაანადგურებს, უსახლკაროდ დატოვებს, მონებად გაყიდის. მთავარია პროფიტი და მოგება! მეტი ფასეულობა ამ ქვეყანას არ გააჩნია. რა რუსი და თათარ-მონღოლი? საერთოდ რეებს ვბოდავთ? ამ ქვეყნის ერთადერთი მტერი თავად მისი ძირძველი, ტიტულოვანი ნაციაა", - წერს გიორგი მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.