ევროკავშირის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების შესაძლო დაკისრებას აფასებენ ექსპერტებიც. საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი რუხაძე ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, ევროდეპუტატების ერთი ნაწილი საქართველოსთვის იმ სიკეთეების შემცირებაზე მუშაობს, რადგან საქართველოს ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას არ ასრულებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სანქციები არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ საქართველოს ხელისუფლებას და იმ კონკრეტულ პირებს უნდა დაუწესდეს, რომლებიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ სასამართლოს, ან არღვევენ პირდაპირ ან ირიბად ასოცირების ხელშეკრულების კომპონენტებს.
„რა მოხდება რეზოლუციაში, ბუნებრივია, დღეს საინტერესოა. ევროდეპუტატები ძალიან აქტიურად მუშაობენ ტექსტზე. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, საქართველომ უნდა მიიღოს დამოკიდებულება ნაკლები ნაკლებისთვის და ამის გამო მას უნდა შეუმცირდეს ის სიკეთეები, რომელიც მას უკვე აქვს ევროკავშირისგან. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეს ნაკლებად უნდა შეეხოს და სანქციები თუ მიზანმიმართული ქმედებების სამიზნე უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად ის პირები, რომლებიც ან პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ სასამართლოს, ან არღვევენ პირდაპირ ან ირიბად ასოცირების ხელშეკრულების კომპონენტებს“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი რუხაძე.
ექსპერტ თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების შესაძლო დაკისრება „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი დაპირებები ბოლომდე შეასრულოს.
„განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატიული რეფორმები და პროპორციული სისტემა, რომელიც ჩააცხრობს იმ კრიზის და იმ პოლარიზაციას, რომელიც დღეს არსებობს, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - აიძულოს ხელისუფლება ერთის მხრივ დიალოგის წარმატებულად დასრულებაზე და მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ის დაპირება, რომელიც ივანიშვილმა გასცა და შემდგომ არ შესრულდა ე.წ. მაჟორიტარების ამბოხების გამო, ამ შემთხვევაში არ მოხდეს ასევე ამ შეთანხმების არ შესრულება ქართული ოცნების მხრიდან. გაფრთხილება სანქციების შესახებ არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ არ გადაიფიქროს დაპირებები“, - აცხადებს ექსპერტი თეონა აქუბარდია.
ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. „ფორმულას“ წყარო უყვება, რომ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკური ოპოზიციის დაკავების, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო, ევროპარლამენტართა ნაწილი შესწორებებით მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. საქართველოს საკითხზე რეზოლუცია 12 მარტს უნდა დამტკიცდეს.
