logo
ENG



გირჩი-მეტი თავისუფლება: პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და რუსეთისკენ გეზს

08 ივლ 202317:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/cpn91nmd3myc97b.png

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიცია ივანიშვილს და მის ძალაუფლებას იცავს.

პარტიის თქმით, ოცნება აერთიანებს „სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ორკების არმია” და მათ არავინ მოექცევა ისე, როგორც იმ ადამიანებს ექცევიან, ვინც რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს ებრძვის.

"ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ.

ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ.

ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც.

არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის.

მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით.

‘მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ’-საც კი არ ჩაურთავენ.

რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის.

ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია.

ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ.

რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ." - წერია პარტიის განცხადებაში. 

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.

 

 

close დახურვა