logo
ENG



გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ მათ სახლთან, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ

23 სექ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ დღეს დილით მათ სახლში, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ.

ნინი გოგაშვილის თქმით, სუს-ის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრების: დედის, დეიდის და ძმის კუთვნილი ავტომობილების წაღებას გეგმავენ, რომლებიც დაყადაღებულია. 

ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ისინი კარის გაღებას არ აპირებენ, ვიდრე ადგილზე არ მივა მათი ადვოკატი. სახლთან 15-მდე პირია მისული.

"დაახლოებით ცხრის ნახევარზე მოვიდნენ, ორი შკოდით. დაახლოებით 10-მდე მამაკაცი ზის ამ მანქანაში და ახლა აღმოვაჩინეთ, რომ სახლის მეორე მხარესაც ერთი შკოდით არიან მოსულები, ჯამში, 15-მდე მამაკაცი იქნება. ვეკითხებოდი, რატომ არიან მოსულები, ვეკითხებოდი გამომძიებელს სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, რომ ჩვენ ადვოკატს დაერეკა, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მომახსენა. განჩინება ჰქონდა წარმოდგენილი და ყადაღებთან დაკავშირებით იყვნენ მოსულები, უნდა წაიყვანონ სამი მანქანა: დედაჩემის, დეიდაჩემის და ჩემი ძმის კუთვნილი ავტომობილები და ამის გამო არიან მოსულები. ველოდებით ადვოკატებს, ადვოკატების გარეშე მათ არ ვაძლევთ უფლებას, რომ ჩვენ სახლში შემოვიდნენ, ვინაიდან დაირღვევა ისევ ჩვენი უფლებები, როგორც 16 ივლისს დაირღვა", - ამბობს ნინი გოგაშვილი.

12 სექტემბერს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა თქვა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.

***

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 

გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.

 


close დახურვა