logo
ENG



ანთაძე ერგნეთში შეხვედრაზე: მოვითხოვეთ უკანონო დაკავებულის დაბრუნება, დამნაშავეების დასჯა

06 ნოე 202322:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/cc5qi9m2zvmxugp.jpg

ერგნეთში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და დღეს უკანონოდ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლონ.

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა რაცაა გაჟღერებული ეს არის მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა.

ეს მოთხოვნები გაჟღერდა დღევანდელ შეხვედრაზე, ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი.

რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. როგორც მოგახსენებთ, ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონო დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში"- ამბობს ანთაძე. 

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის გამართვა საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა. 

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა