logo
ENG



გოგორიშვილი: ცესკომ გასცა განკარგულება, არსად გადაითვალონ ხმები

04 ნოე 202021:50
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა განკარგულება, არ გაიხსნას სადავო უბნები და არ მოხდეს ხმების გადათვლა. 

"მასობრივად ყველა საჩივარს განუხილველად ტოვებენ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ყუთებში სხვა შედეგებია და ბლანკებში სხვა". - თქვა მან ბრიფინგზე, რომელიც საოლქო-საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციების პარალელურად ჩაატარა. 

დემონსტრაციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არაერთ საოლქო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე იყვნენ, ითხოვდნენ, საჩივრების განხილვის პროცესს დასწრებოდნენ. საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე ხმების გადათვლაც დაიწყო. თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. 

"დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით. მხოლოდ თბილისში შესულია მოთხოვნა 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზე

მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის 97-ე საარჩევნო უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, არსად არც ერთი უბანი არ გაიხსნას და არაფერი გადაითვალოს.

ამას აკეთებენ სრულიად უსუსური მიზეზებით, როგორიც არის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული პოლიტიკური პარტიის მისამართი, საჩივარი არა რის ბლანკზე, თურმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი სჭირდება დამატებითი მინდობილობა". - თქვა გოგორიშვილმა. 

საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა. 

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა