logo
ENG



გოლეთიანი: ჩვენი ბრძოლა არის სახალხო. სახალხოობას და სიმრავლეს უნდა მივაღწიოთ

23 მაი 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: ჩვენი ბრძოლა არის სახალხო. სახალხოობას და სიმრავლეს უნდა მივაღწიოთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

არა ნამახვანჰესს - აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

შეკრებილებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით მიმართა. 

მან თქვა:  

"ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი. შეიძლება აქ ვერ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ განწყობილები ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც ნაწილობრივ ემოციებით არის მართული, მაგრამ ამას წინ უძღვის დაგეგმვა, სტრატეგია. ამ სტრატეგიის ნაწილი აისახება დღევანდელ დღეზე. იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა, დღეს კი მრავალათასიანია. ეს პროტესტი, პირველ რიგში, არის გულწრფელი, სამართლიანი და იმაზე ორიენტირებული, რომ საზოგადოების პრობლემები გადაჭრას და გადაწყვიტოს. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ვიყოთ ბევრნი და ვიყოთ ერთად. ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სახალხო. სახალხოობას და სიმრავლეს უნდა მივაღწიოთ". - თქვა გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

საპროტესტო აქცია თბილისში 1 თვის წინ დაანონსდა.

მანამდე, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ განაცხადა,  რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო. თუმცა, არ შეჩერდებოდა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

რიონის ხეობის მცველები ჰესის მშენებლობის შეწყვეტას რამდენიმე თვეა, უწყვეტად ითხოვენ. მათი განცხადებით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.


close დახურვა