აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ დავაზე თურქული კომპანია ENKA-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობისა და აღსრულების შესახებ განჩინება მიიღო.
2026 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს გადასახდელი აქვს 443.2 მილიონ დოლარზე მეტი, ასევე 356 ათასი ევრო და 40 ათასზე მეტი გირვანქა სტერლინგი. თანხებს სრულ გადახდამდე SOFR-ს დამატებული 4%-იანი საპროცენტო განაკვეთი დაერიცხება. ჯამური ვალდებულება ამჟამად დაახლოებით 1.15 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და სახელმწიფო ამ უფლებით ისარგებლებს.
დავა ENKA-სა და საქართველოს შორის 2021 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
