სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი სავარაუდო თვითმკვლელობის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
გარდაცვლილი კაცის მეზობლები და ახლობლები აღნიშნავენ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის ახლო მეგობარი იყო და სუს-ში მუშაობა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც უწყებას გომელაური ხელმძღვანელობდა. ახლობლების თქმით, გარდაცვლილს დასაქმების დროს რეკომენდაცია სწორედ გომელაურმა გაუწია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, სუს-ის თანამშრომელმა თავი უწყების შენობაში მოიკლა, ხოლო მეორი ვერსიით, უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მას ტყვია გულმკერდის არეშე იარაღის გაწმენდის დროს მოხვდა.
თვითმკვლელობის ვერსიას მეზობლები და ახლობლები გამორიცხავენ. გარდა ამისა, ისინი გარდაცვლილი კაცის პიროვნულ თვისებებზეც საუბრობენ და მას დადებითად ახასიათებენ.
"არ მჯერა, რომ ეს პიროვნება ასეთ გარემოებაში გარდაიცვალა. ძალიან კარგი პიროვნება იყო. ვახტანგ გომელაურის ახლობელი. თვითმკვლელობის ვერსიის არ მჯერა", - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.
უბედური შემთხვევის ვერსიას ემხრობა გარდაცვლილის კიდევ ერთი მეზობელი.
"გომელაურის სულიერი ძმა იყო. უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი. მჯერა, რომ იარაღს წმენდდა და მაგ დროს მოხდებოდა. მაგრამ იარაღს თვითონ არ ატარებდა", - აცხადებს მეზობელი.
ფაქტის დადასტურების გარდა სუს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას თავად უწყება აწარმოებს, თუმცა უცნობია, რა მუხლით.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ის საკუთარ კაბინეტში იპოვეს გარდაცვლილი. მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.