გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბაჩალიაშვილის დედაზე დაწერილ Facebook პოსტს ემიჯნება, რომელიც მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გამოაქვეყნა. ხუბულურმა თამაზაშვილზე დაწერა, რომ "ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს".
როგორც გორის მერმა "ფორმულას" განუცხადა, ხუბულურისგან ახსნა-განმარტებას ელოდება, რატომ დაწერა ამ შინაარსის პოსტი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ამ განმარტების შემდეგ მიიღებს.
"არ მქონდა ნანახი ეს პოსტი, Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ, დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში და ვთხოვე მაგათ ააიპის ხელმძღვანელს, რომ გაარკვიოს, რატომ დადო ასეთი პოსტი და ალბათ, მეტყვიან, რატომ დაწერა", - თქვა თავზარაშვილმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს კონკრეტულად ამ პოსტზე და იზიარებს თუ არა მის შინაარსს, მერმა განაცხადა, რომ არ იზიარებს და "არ მიაჩნია სწორად ტრაგედიაზე ასეთი რამის დაწერა".
"როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს..." - დაწერა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე. მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო ამ წარწერით გააზიარა. მას შემდეგ, რაც პოსტი შესახებ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ხუბულურის Facebook გვერდზე ის აღარ იძებნება.