logo
ENG



გორში გარემოვაჭრეები მათი დახლების აღებას აპროტესტებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ

11 ივლ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 

გორში გარემოვაჭრეები მათი დახლების აღებას აპროტესტებენ. 

ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, ლადო ხინჩეგაშვილი მათთან სასაუბროდ არ გამოსულა. 

მათთვის მიუღებელია გორის მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აქვთ ადგილის ქირის ფული, ამასთან, ცენტრიდან მოშორებით არის და იქ მუშაობით საარსებო შემოსავლის შოვნა შეუძლებელია. 

ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი შეუძლოდაც გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მანამდე მან თქვა:

"ავადმყოფი ქალი ვარ, სად წავიდე. 2 წლის წინ თვალის ოპერაცია გავიკეთე, კაპილარები დამსკდარი მქონდა და წამალი არ ჩამისხამს თვალში. ერთი თვალით ვეღარ ვხედავ. კაპიკებს ვშოულობ". 

სხვა გარემოვაჭრე ქალი ამბობს: 

"ლილოდან 5 ათასი ლარის საქონელი მაქვს წამოღებული ნისიად. ბანკში გამაშავეს და ნისიად მამუშავებენ. გვაცალონ, რომ ეს საქონელი ამოვყიდოთ. ჩვენი მოვაჭრეები საზღვარგარეთ არიან წასული სამუშაოდ, აქ რომ ოჯახები ვერ არჩინეს, წავიდნენ. ყველას ხომ არ შეუძლია წასვლა". 

"იმ ბაზარში ხალხი არ შემოდის, 2 დღე ვიდექი, ერთი წყვილი წინდა ვერ გავყიდე". - თქვა კიდევ ერთმა ქალმა. 


close დახურვა