logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე: ოლიგარქი ივანიშვილი ავტორიტარი პუტინის გზაზე მყარად დგას

21 ნოე 201907:35
3 წუთის საკითხავი
 
y6g2n49a37gbzh0.jpg

"საქართველოში დემოკრატია თანასწორი არ არის, ის თითქმის მკვდარია", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ზაგრებში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ის ერთ-ერთი იყო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის იმ ხუთ ოპოზიციურ ლიდერს შორის, რომელსაც ტრიბუნა დაეთმო.

ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა. მან ყურადღება გაამახვილა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე. უყურადღებოდ არც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი დარჩენილა. საუბარი შეეხო კორუფციის ზრდას, მასობრივ ემიგრაციას, ოკუპაციასა და პოლიტიკური პატიმრების თემას. პოდიუმზე სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელიც, რომელმაც არალეგალური ბორდერიზაციის შედეგებსა და ევროპული დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"მშვიდობიანი აქციის დაშლის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ავტორიტარი პუტინის გზაზე მყარად დგას. მან ცინიკურად უარყო მთავრობის მორალური და პოლიტიკური ვალდებულება დაემტკიცებინა საარჩევნო ცვლილებები. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ათასობით მოქალაქი ქუჩაში პერმანენტულ აქციას მართავდა. კომპრომისისა და დიალოგის ნაცვლად, მშვიდობიან პროტესტს საქართველოს ხელისუფლებამ ცრემლმდენი გაზით, სპეცრაზმითა და დაკავებებით უპასუხა. გვყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ამ დრომდე იძულებით პოლიტიკურ დევნილობაშია, არაჯანსაღი ეკონომიკა, მასობრივი ემიგრაცია, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, ფაქტობრივად ეს არის ჩამონათვალი იმისა, როგორ აყენებს პარტია „ქართული ოცნება“ საფრთხის ქვეშ დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას. მომაკვდინებელი პაციენტის დასახმარებლად, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ექიმი ვაჟა გაფრინდაშილი პატიმრობაში იმყოფება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ აქვს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა:

"რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჰიბრიდული ომის შედეგია არალეგალური ბორდერიზაცია, რომელსაც ფატალური შედეგები და ადამიანის უფლებების დარღვევა მოჰყვა. ამის მაგალითი არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩვენ უნდა გავამყაროთ ევროპული დემოკრატია. ჩვენი ერთიანობა წარმატების მთავარი რეკვიზიტია“, - აღნიშნა წერეთელმა.

 

 

 

 


close დახურვა