სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
საგამოძიებოს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი.ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა.
"მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.