გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროსთვის 2-სართულიანი საკონფერენციო დარბაზის აშენება მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიებების ჩატარებისას კერძო ფართებში დიდი თანხების გადახდა უწევთ.
მინისტრის თქმით, დარბაზის აშენების შემდეგ საბიუჯეტო სახსრები მნიშვნელოვნად დაიზოგება.
„ეს არის რამდენიმე წლის გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დადგა ამ პერიოდში ამ პროექტის განხორციელების საჭიროება, არაფერი არ შეცვლილა, ასეთი სივრცის საჭიროება სამინისტროს გააჩნია. სამინისტროს უწევს უამრავი საბიუჯეტო თანხის გადახდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. იცით, რომ სამინისტრო მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებელი არ არის, მათ შორის ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი თემატიკაა, როდესაც ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია, ტრენინგი, კონფერენცია, რომ მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. მათ შორის აღვასრულოთ ჩვენი ვალდებულებები გარემოს დაცვითი პოლიტიკის ნაწილში. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საოპერაციო საჭიროება, რომელიც სამინისტროს გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს საკუთარი სივრცე ექნება საკუთარ ტერიტორიაზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საშუალება წლების განმავლობაში”, – განაცხადა დავითაშვილმა.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და როგორც ოპოზიცია, ასევე ეკონომისტები მთავრობას არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2-სართულიანი საკონფერენციო დარბაზის მშენებლობისთვის ემზადება. შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიამ 26 მარტს გასცა, 28 მაისს კი, ტენდერის გამოცხადებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება მილიონ 600 ათას ლარზე მეტია.