ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომპანია არ არის სანქცირებული.
თუმცა, პარალელურად მინისტრმა თქვა, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების - ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ის ამბობს, რომ "ეს არ არის სანქცია".
"რაც შეეხება კომპანიის სანქცირება არ სანქცირებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ - ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. Fortune 500-ში, ანუ ეს არის მსოფლიო ხუთას წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს თავისუფლად განხორციელების საშუალება ამ პროექტის საქართველოში და ასევე მსგავსი პროექტების მსოფლიო ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში.
მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს კონკრეტული ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან, სხვა არაფერი, კომპანიას ამავე დროს არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ და ეს არ ნიშნავს სანქციებს. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი.
მეორე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობა ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შემთხვევაში, ასევე, აქაც საჭიროა ამ უწყების კონკრეტული თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.
30 მაისს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც "მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას" გამოეხმაურა და თქვა, რომ "ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე".
***
მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით "კონკრეტული სამუშაოების" ივნისიდან დაიწყებოდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.