ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ მოსკოვი პარტიზანული ჯგუფების ბელგოროდზე თავდასხმას გამოიყენებს იმის "მტკიცებულებად", რომ რუსეთი "ომის მსხვერპლია."
დაზვერვის ინფორმაციით, 19 მაისიდან 22 მაისამდე ბელგოროდის რეგიონში რუს სამხედროებსა და პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები სულ მცირე სამ ადგილას მოხდა.
ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ პარტიზანულ ჯგუფებზეა საუბარი, თუმცა, "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ იტყობინება. როგორც ლეგიონის მებრძოლებმა განაცხადეს, ოპერაცია "რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან" ერთად ჩაატარეს.
ყველაზე სერიოზული შეტაკებები ქალაქ გრაივორონთან მოხდა. შეტაკებების გამო რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, დამატებითი ძალები გაგზავნა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო რაიონებში საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა უფრო მეტი შეტაკებებია პარტიზანულ ჯგუფებთან რუსეთის ტერიტორიაზე.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 23 May 2023.
Find out more about Defence Intelligence's use of language: https://t.co/sl1BP3Jp3b
#StandWithUkrainepic.twitter.com/MuK0eYueQa
* * *
რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარება და აფეთქებებია.
რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს. მათივე მტკიცებით, გამშვები პუნქტი ბირთვული იარაღის საცავის მახლობლად მდებარეობს.
მოგვიანებით, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".
უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.
განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თავად ხსენებულმა მებრძოლებმაც უკვე აიღეს. ისინი აცხადებენ, რომ "რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს". ლეგიონის მებრძოლების თქმით, მათი მიზანი "რუსეთის სრული გათავისუფლებაა".
რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა ასევე გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადეს, რომ დასახლებული პუნქტები კოზინკა და გორა-პოდოლი [ბელგოროდის ოლქში] "პუტინის რეჟიმისგან გაათავისუფლეს". ამავე მიმართვაში, მებრძოლებმა აღნიშნეს, რომ ისინი გრაივორონში შევიდნენ. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს "წინააღმდეგობა არ გაუწიონ და სახლებიდან არ გამოვიდნენ".
რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი - სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მოხალისეებისგან შედგება, ასევე რუსი ტყვეებისგან, რომლებმაც ომის პირობებში უკრაინულ მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს. ორივე დაჯგუფება გასული წლის მარტში შეიქმნა.