ხმაური და დაპირისპირება იყო გურიაში. ადგილობრივი მაჟორიტარების - ნინო წილოსანისა და არჩილ თალაკვაძის - მხილების კამპანიას ექსესების გარეშე არ ჩაუვლია.
გურიაში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და მისი მოძრაობის წევრებს, სხვა რეგიონების მსგავსად, თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ. ამ სახელწოდების კამპანიით ელისაშვილი ყველა რეგიონში ჩასვლას აპირებს.
"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია. უმრავლესობის მხარდამჭერები და დეპუტატები მათ აქციაზე თითქოსდა შემთხვევით ხვდებიან, თუმცა ყოველთვის უჭირთ საუბარი თავიანთი მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, უსაფუძვლოა ელისაშვილის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ. ისინი დეპუტატების მუშაობით კმაყოფილებას გამოხატავენ. მათი ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
შეგახსენებთ, ელისაშვილი გურიის რეგიონში, კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ ფარგლებში ჩავიდა. ბაზრობის ტერიტორიაზე მოძრაობის წევრებს ჩოხატაურის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დახვდა. მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.