logo
ENG



დაპირისპირება კინოაკადემიაში

11 ოქტ 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
bhmzlwl1rs6dlqg.jpg

კინოაკადემიის უკვე ყოფილი თანამშრომლები გიო მგელაძე და ელენე რევიშვილი ახალ ხელმძღვანელ ბუბა ხოტივარს სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.  

როგორც გიო მგელაძემ "ფორმულასთან" განაცხადა, ცნობა იმის შესახებ რომ კინო აკადემიაში აღარ მუშაობდა რეჟისორმა წერილობით მიიღო. მისი თქმით, კინოაკადემიის ვიცე პრეზიდენტის პოსტიდან წასვლას აპირებს, თუმცა გათავისუფლების განცხადება იურიდიულად გაუმართავია და კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვს.

რაც შეეხება ელენე რევიშვილის, ის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტის ზაზა ურუშაძის თანაშემწედ მუშაობდა და ამბობს, რომ მხოლოდ ზაზას ერთგულებისთვის ისჯება.

თავად ბუბა ხოტივარი, რომელმაც ზაზა ურუშაძე ასევე ხმაურით შეცვალა, ბრალდებებს უარყოფს.

ორივე გათავისუფლებულ თანამშრომელს რამდენიმე საათში მოქმედმა პრეზიდენტმა ხოტივარმა უპასუხა და „ფორმულას“ ახალ ამბებთან კონტაქტზე თავად გამოვიდა. კინოაკადემიის პრეზიდენტი მომხდარს ადასტურებს, თუმცა გათავისუფლების მიზეზებს სხვაგვარად ხსნის. როგორც ბუბა ხოტივარი ამბობს, გიო მგელაძეს უხამსი საქციელისთვის დაემშვიდობა.

„ისე იქცეოდა, იგინებოდა, არაადეკვატურია... მასთან მუშაობა და კომუნიკაცია შეუძლებელია. შეურაცხყოფებს გვაყენებდა,“- განმარტავს ხოტივარი.

მისივე თქმით, ელენე რევიშვილის შემთხვევაში კი, გათავისუფლების მიზეზი რეორგანიზაცია გახდა. ხოტივარის განცხადებით, ელენე რევიშვილი სამსახურში არ დადიოდა და წასვლას ისედაც აპირებდა.

ბუბა ხოტივარი „ფორმულასთან აანონსებს იმასაც, რომ სხვა თანამშრომლების გათავისუფლებას არ აპირებს, თუმცა უწყებაში სტრუქტურული ცვლილებები გაგრძელდება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თანამშრომელთა ნაწილისთვის არაადეკვატურად მაღალი ხელფასების შემცირებას გეგმავს და იცის, რომ ამ გადაწყვეტილებასაც ხმაური მოჰყვება.    

შეგახსენებთ, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები კინოაკადემიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 300 წევრიანი საბჭოს ნაწილმა ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა წამოაყენა. რამდენჯერმე ჩაშლილი ხმაურიანი სხდომების შემდეგ ზაზა ურუშაძემ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. სექტემბრის დასაწყიში დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებზე საბჭომ ბუბა ხოტივარსა და სოსო ჯაჭვლიანს შორის არჩევანი გაააკეთა და 4 წლის ვადით რეჟისორი ბუბა ხოტივარი აირჩია.

 


close დახურვა