საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი "გაუგებარს" უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო.
მინისტრის შეფასებით, ეს "მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით".
"მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა და საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება.
შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ ვიხმარდი ისეთ მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით", - თქვა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა.
"და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს", - თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის მხრიდან თავდაცვის სფეროს მხარდაჭერისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გასული წლის მაისში გახდა ცნობილი. დახმარება საქართველომ იმავე წლის თებერვალში მოითხოვა.