logo
ENG



დაჭრილ მორაგბეს ოპერაცია ჩაუტარდა, ის უკვე სახლში გაწერეს

17 სექ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 
nbwaoxggkree7yw.jpg

დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი, რომელსაც კავკასიის მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან სახლში გაწერეს.

სპორტსმენს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. უახლოეს მომავალში იგეგმება მორაგბის დაკითხვაც. 

ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. 

ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, სწორედ რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.

პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.

 

 

 


close დახურვა