ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სანქციები ერთ-ერთია არსებული მრავალი ინსტრუმენტიდან.
მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომელშიც გამოხატულია ღრმა შეშფოთება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გამო, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული - მისი თქმით, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
"სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს. თქვენ ნახავდით განცხადებებს, რომლებიც გააკეთა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ჩვენ ღრმად, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. ქართული პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია დათანხმდა, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.
პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო. განცხადებები, რომლებიც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული.
ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა". - თქვა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის განცხადებას ნაჩქარევი ირაკლი კობახიძემ უწოდა. რუსთავი 2-ის ეთერში მას სთხოვეს, შეეფასებინა კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეასრულა როლი, რომელიც აკისრია კრიზისების განმუხტვის თვალსაზრისით. სწორედ ეს განცხადება მიიჩნია კობახიძემ ნაჩქარევად.
დღეს, 16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა.
განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.
არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს.
ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც.
რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგა და გაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.