logo
ENG



დეგნანი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს

31 ოქტ 202009:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად უჭერს მხარს. 

როგორც დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. 

"ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”,- განაცხადა კელი დეგნანმა

დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. 

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

 


close დახურვა