logo
ENG



დეგნანი: ვისაც სურს, მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით ხელი შეუშალოს, კონსტიტუციას არღვევს

04 ივლ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: ვისაც სურს, მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით ხელი შეუშალოს, კონსტიტუციას არღვევს
ფორმულა/ვახო ქარელი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ღირსების მარშთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქის უფლებებს იცავს და ისინი, ვისაც სურთ, მშვიდობიან მსვლელობას ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ, კონსტიტუციას არღვევენ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია რთულ დავალებას თავს გაართმევს და მარში მშვიდობიანად ჩატარდება.

"საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ისევე, როგორც აშშ-ის კონსტიტუცია იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აზრი იყოს არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის გარანტირებაში, ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარი და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავიანთი აზრი და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდეს.

ისინი, ვისაც სურთ, რომ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციელებს, რომ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა", - ამბობს დეგნანი.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც ხვალ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება.


close დახურვა