logo
ENG



დეგნანი: შეთანხმება პარტიებისთვის თავს არავის მოუხვევია, შესრულება სასიცოცხლოდ აუცილებელია

19 ივნ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: შეთანხმება პარტიებისთვის თავს არავის მოუხვევია, შესრულება სასიცოცხლოდ აუცილებელია
ფორმულა/ვახო ქარელი

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მომდევნო კვირას პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა მიღებაც 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემას ეხება. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, კელი დეგნანის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ნების არარსებობას, შესრულდეს შეთანხმება, რომელიც "პარტიებისთვის თავს არავის მოუხვევია". 

"შემდგომ საპარლამენტო კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს, რათა შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გათვალისწინებულია შეთანხმებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს შინაარსიანი რეფორმები როგორც საარჩევნო, ისე სასამართლო სისტემაში. 

თუ მომდევნო კვირას ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება არ მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, შესრულდეს პოლიტიკური ვალდებულებები, რომლებიც აიღეს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე სხვა პარტიებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით. 

ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ისინი შეთანხმდნენ. მათთვის ეს თავზე არავის მოუხვევია. მათ მოილაპარაკეს, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა ინიცირებაც უნდა მოხდეს ოქტომბრის არჩევნებამდე". - აცხადებს კელი დეგნანი

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დოკუმენტისთვის ხელის არმოწერას, აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტია ამას საბოლოოდ მაინც დათანხმდება.

ამასთან, მისი შეფასებით, პარლამენტში შესვლით ენმ-მ აჩვენა, რომ მათ ქვეყნის ინტერესები წინ დააყენეს. 

"ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, მნიშვნელოვანია, რომ არიან რეფორმების ნაწილი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. 

მათ აჩვენეს, რომ მათ ქვეყნის ინტერესები წინ დააყენეს.

ასე რომ, მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და დაიწყოს საპარლამენტო მუშაობა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს". - თქვა კელი დეგნანმა


close დახურვა