ოპოზიციური პარტიები ახალ საარჩევნო სისტემას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მოდელი, რომელზეც შეთანხმება შედგა, პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებულია. რაც შეეხება კითხვას, რამდენად აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების პირობებს შეასრულებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის, მას შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„ეს ფორმულა ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშილმა ვერ დააკმოპლექტოს მთავრობა და ხელისუფლება 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მე მინდა ვუთხრა მხოლოდ ერთი რამ, გაფრთხილებასავით, თუ პოზიცია შეიცვლება და ეს აისახება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით ძალიან ცუდი კუთხით, მას უფრო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძეც. მისი თქმით, ეს ფაქტი ქვეყანაში არსებულ კრიზისს განმუხტავს.
„გაფორმდა ისეთი შეთანხმება, რომელიც ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის კარგი. ეს არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლებული სისტემა, ამას რა თქმა უნდა თან ერთვის პატიმრების გათავისუფლება, გავრილოვის ღამის შემდგომი კრიზისის განმუხტვა, რაშიც ნამდვილად დაგვეხმარა ძალიან საერთაშორისო თანამეგობრობა. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მით უმეტეს, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა ნებისმიერი ტიპის შეთანხმების დარღვევას აქვს თავისი ფასი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, პარტიის წევრი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმება კანონში ჯერ არ ასახულა და არ გამორიცხავს, „ოცნებამ“ პირობების შესრულებაზე უარი თქვას.
„ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღწეული, არ არის ასახული კანონში და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მართალია ამის ალბათობა მცირეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ ჩაატაროს სახალხო გადაგდება, ისინი ბევრად უფრო დაზარალდებიან, მაგრამ გარანტირებული არაფერი არ არის. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სპექტაკლის დადგმა დაჩი ბერაიას აჯანყების სახით, შეიძლება კიდევ შეცვალონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი დოკუმენტი საარჩევნო სისტემას, მეორე კი - მართლმსაჯულებას. 2020 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატები 120/30-ზე პროპორციით გადანაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პარტიული, 30 კი მაჟორიტარული სიით შევა.