ლევან დოთიაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა გუშინ გაათავისუფლეს, 6 ნოემბერს, თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებსა და საოკუპაციო ძალების მიერ მის უკანონო დაკავებას იხსენებს.
დოთიაშვილი ჰყვება, რომ თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, ლომისის ეკლესიასთან მყოფი თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს და მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 3 მეტრის გავლის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო.
"ეკლესიის ეზოში რომ ავედით, კადრიც კი ნახეთ, რომ კარი გავხსენით, რომ გამოვდიოდით მოვიდა მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი, გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა პირველივე და მე დავუძახე, რომ არ გინდა სროლა, მოვრიგდეთ. ჩვეულებრივ დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი, ვილაპარაკეთ, კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო და ამ დროს, თამაზმაც დაუწყო ლაპარაკი. ჩვეულებრივ, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი, დაწყნარებულად საუბარი.
ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო და დავჯექი მანქანაში, თამაზი და მესაზღვრე საუბრობდნენ, გამოვიდა ჩვეულებრივად მანქანისკენ, დაჯდა და მანქანაში დაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გავიარეთ 3 მეტრი შეიძლება და ეგრევე საბურავებში სროლა [დაიწყო]. არ ველოდებოდით სროლას. როგორც კი დავიძარით, სროლა-სროლით მოგვდევდა რუსი ჯარისკაცი. გავიარეთ სადღაც 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მე გადმოვხტი მანქანიდან, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან, თვითონ ეს რუსი ჯარისკაციც მომეხმარა გასწორებაში და მე ვუთხარი, უფლება მომეცი, რომ სასწრაფოში დავრეკო მეთქი, დავრეკე სასწრაფოში, შემდეგ დარეკა პოლიციამ, ანალოგიური ადგილი ვუთხარი, სად ვარ, როგორ ვარ", - აცხადებს ლევან დოთიაშვილი.
დოთიაშვილის თქმით, თავად ნახა დაჭრილი თამაზ გინტური. ის იხსენებს, რომ მანქანიდან თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.
"...მე დამარტყა ერთ-ერთმა დაუნდობლად, მიწაზე დამაწვინა. ამ პროცესში მე უკვე ბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით და მე თამაზი აღარ მინახავს. გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც [...]", - აცხადებს დოთიაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცების ამოცნობა უჭირს.
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.