logo

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტია

09 სექ 202014:58
3 წუთის საკითხავი
clock 23 clock 403
va9njfefq4m0u7s.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტია. ტრამპის ნომინაცია ნობელის კომიტეტს ნორვეგიის პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატმა ქრისტიან ტიბრინგ-გედემ წარუდგინა. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა ყველაზე მეტი გააკეთა ერთა შორის მშვიდობის დასამყარებლად, ვიდრე ნობელის პრემიის სხვა ნებისმიერმა ლაურეატმა", - აცხადებს ნორვეგიელი დეპუტატი, - "ტრამპმა საკვანძო როლი ითამაშა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამ შეთანხმებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებაში". 

2009 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. ნორვეგიელმა პარლამენტარმა ნობელის კომიტეტს მისწერა, რომ ობამა ნობელის პრემიას არ იმსახურებდა, ვინაიდან, მისი თქმით, მას მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში არანაირი წვლილი არ შეუტანია.

კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში ნორვეგიის პარლამენტის წევრმა სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დალაგების პროცესში ტრამპის "უპრეცენდენტო წვლილსაც" გაუსვა ხაზი. ასევე ჩრდილოეთ კორეის, როგორც ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს მხრიდან მომავალი საფრთხეების შემცირებაში. 

ნობელის პრემიის ჯილდო ხუთკაციანი კომიტეტის გადაწყვეტილებით გაიცემა, რომელსაც ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს. 2021 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები მომავალი წლის ოქტომბრამდე არ დასახელდებიან. 



close დახურვა