აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი ლიდერი თეთრ სახლში დაბრუნებას ცდილობს.
ტრამპის თანაშემწეებმა უკვე შეიტანეს ოფიციალური განაცხადი, ხოლო თავად ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში, მის რეზიდენციაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.
"ამერიკის დაბრუნება იწყება ახლა!" - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა ისაუბრა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეკონომიკა იზრდებოდა, ხოლო ახლა ქვეყანა იძირება. მან გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი იმის გამო, რომ ქვეყანა ბირთვული კატასტროფის ზღვარზე დააყენა.
"მან ამერიკას იმედები გაუცრუა" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტრამპის მიერ კანდიდატურის დაყენებას.
როგორც BBC წერს, რომ ტრამპის განაცხადის შემდეგ რესპუბლიკური პარტიიდან შერეული შეფასებები წამოვიდა.
სამხრეთ კაროლინისას სენატორი, ლინდსი გრემი, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია, ტრამპის განაცხადს მიესალმება.
„თუ პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს ამ ტონს და ამ გზავნილს თანმიმდევრულად გადმოსცემს, მისი დამარცხება გაჭირდება“, - დაწერა მან ტვიტერზე.
ამავე დროს, არკანზასის გუბერნატორმა ასა ჰატჩინსონმა, რომელიც პოსტს ტოვებს და მის ადგილს ტრამპის ყოფილი პრესმდივანი დაიკავებს, ტვიტერზე ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა.
„ტრამპი მართალია ბაიდენის წარუმატებლობებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ეგოისტური გზავნილი, რომელიც სიბრაზის პროვოცირებას უწყობს ხელს, არ შეცვლილა. ამან არ იმუშავა 2022 წელს და არ იმუშავებს 2024-ში. უკეთესი ვარიანტები არსებობს“, - დაწერა მან.
ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ დონალდ ტრამპმა 2020 წელს დემოკრატ კონკურენტთან, ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დიდი ხნის განმავლობაში ის უარყოფდა დამარცხებას და არჩევნების გაყალბებაზეც საუბრობდა. 6 იანვარს კი, როდესაც კონგრესში არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, ტრამპმა კაპიტოლიუმის სიახლოვეს მიტინგი გამართა, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, დაარბიეს შენობა, რის გამოც საჭირო გახდა ევაკუაცია და სხდომის შეწყვეტა. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.
ამის გამო დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და მას ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი. ყოფილ პრეზიდენტს განუდგნენ რესპუბლიკელი თანაპარტიელებიც, რომლებიც მის ბრალეულობას ხედავდნენ. თუმცაღა ტრამპი ამ დრომდე უარყოფს რაიმე კავშირს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში.