logo
ENG



დონალდ ტრამპმა ემი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა

27 სექ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 
bn5uhn7wlidlpcb.jpg

26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლედ ოფიციალურად წარადგინა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ემი კონი ბარეტი აღწერა, როგორც "შეუდარებელი მიღწევების ქალი".

პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სენატმა უნდა დაამტკიცოს. დიდი ალბათობით, სენატი ბარეტის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ვინაიდან სენატის უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ბარეტი კი კონსერვატორი და მორწმუნე კათოლიკეა. 

2017 წელს, როდესაც ბარეტის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე განიხილავდნენ, ჰკითხეს, იქონიებდა თუ არა რელიგიური შეხედულებები გავლენას მის გადაწყვეტილებებზე. პასუხად ბარეტმა თქვა, რომ მის პროფესიულ მოვალეობას და რწმენას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა.

ბარეტი ასევე ფიქრობს, რომ სექსუალური ურთიერთობები მხოლოდ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილს უნდა ჰქონდეს. 

ლგბტქ ჯგუფები ემი კონი ბარეტის კანდიდატურას მათი უფლებებისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 

თუ ემი კონი ბარეტი უზენაეს სასამართლოში აირჩიეს, ის მესამე მოსამართლე გახდება, რომელიც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უვადოდ დანიშნა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან კონსერვატორების რიცხვი 6-მდე გაიზრდება. 

ამავე აზრზე არიან დემოკრატებიც. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტობის ამ ვადაში დანიშნოს, "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა". 

ემი კონი ბარეტმა რუთ გინსბურგი უნდა შეცვალოს, რომელიც, უზენაეს სასამართლოში 27-წლიანი სამსახურის შემდეგ, 2020 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. გინსბურგის სურვილი იყო, მისი შემცვლელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასახელებულიყო. 


close დახურვა