logo
ENG



დროა: აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში

27 ივნ 202612:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/27/6l6y44lvliajwu8.png

პარტია "დროამ" განცხადება გააკეთა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პარტიის ბრიფინგზე, გიგა ლემონჯავამ თქვა, რომ ექიმმა ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად და სრულფასოვნად გასინჯვა, მისი აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს, თუმცა, გასინჯვა მაინც მოხერხდა, ექიმი გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს.

ლემონჯავამ აღნიშნა, რომ თითოეული დღე, რომელსაც ელენე ხოშტარია ატარებს კლინიკისა და შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არის ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე, რასაც რეჟიმი შეგნებულად აკეთებს. 

"2 დღის წინ, ელენე მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, ქალბატონმა მაკა იოსელიანმა. მან ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად და სრულფასოვნად გასინჯვა, მისი აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს. თუმცა, გასინჯვა მაინც მოხერხდა, ექიმი გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს.

ასევე არსებობს ცენტრალური დაავადების გარდა დამატებითი ფაქტორები, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს.

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უარს ვამბობდით, გვესაუბრა სამედიცინო დეტალებზე და სამედიცინო გამოსავალზე, რადგან ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ ამ სფერის პროფესიონალები და ჩვენ არ გვინდოდა, განსაკუთრებით ელენეს არ უნდოდა, ამ ყველაფერს სპეკულაციის ელფერი ჰქონოდა. თუმცა, მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის გასაკეთებელი, გვინდა ცხადად ვთქვათ, რომ თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების გარეშე და მკურნალობის გარეშე, არის ელენეს ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე და ეს არის არა შემთხვევითი ამბავი არამედ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს “ოცნების” რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.

თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა, სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა მის ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ. ასევე მინდა, გითხრათ, რომ ის რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. ამ სამსახურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დანიშნა შესაბამისი მკურნალობა. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ ექიმ-რევმატოლოგის ჩართულობით ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი - ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის.

აქვე ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა ელენეს და პარტია “დროას” პოზიცია - ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟიმის ნებისმიერი ბოროტმოქმედების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯის მიუხედავად, რაც არ უნდა გადადგას რეჟიმმა პირადად ელენესა და პარტია “დროას” წინააღმდეგ. არცერთი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, არცერთი წამით არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას, არ არსებობს ფასი, რომელსაც რეჟიმი გადაგვახდევინებს და ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება საქართველოს", - თქვა ლემონჯავამ.


close დახურვა