რუსული მხარის ინფორმაციით, 3 ივნისს გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ობიექტი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თუმცა დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონების სამიზნე კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონები იყო. პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი და კვამლი ჩანს. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Astra იუწყება, რომ დრონები, სავარაუდოდ, სწორედ ნავთობტერმინალს მოხვდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, რეგიონში 50 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის გამო შეფერხდა პულკოვოს აეროპორტის მუშაობაც - ათეულობით რეისი გადაიდო ან სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
იერიში დაემთხვა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს. ნავთობტერმინალი ფორუმის ჩატარების ადგილიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ნავთობტერმინალისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი დამოუკიდებელი წყაროებით ამ ეტაპზე სრულად დადასტურებული არ არის.
