დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა პარლამენტში ევროპული საქართველო. ამ წუთებში პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ევროპულ საქართველოს სიით პარლამენტში 5 დეპუტატი გავიდა, მათ შორის 3 - დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი უკვე პარლამენტში არიან და საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ, ელენე ხოშტარია, რომელმაც პარტია დატოვა, მანდატზე უარს ამბობს, მე-5 კი ტარიელ ნაკაიძეა, რომლის პოზიციაც ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ თქვა, თუ პარტია პარლამენტში შევა, ნაკაიძე პარტიის სახელით გააგრძელებს საქმიანობას, თუ არ შევა, ნაკაიძეს მოუწევს გადაწყვიტოს, დარჩეს პარტიაში, ან პარტია დატოვოს და ისე შევიდეს პარლამენტში.
"დღეს მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას. თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეუერთდეს პარლამენტში შემსვლელ პარტიებთა რიცხვს, მაშინ ბუნებრივია, რომ ბატონი ტარიელ ნაკაიძე გააგრძელებს ევროპული საქართველოს სახელით მოღვაწეობას, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში ბატონ ტარიელს ექნება გადასაწყვეტი, დარჩეს პარტიაში, ან გავიდეს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით დგას საკითხი ასე - პარტიამ გააგრძელოს თუ არა პარტიაში მუშაობა", - თქვა ბობოხიძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე შესულია რამდენიმე ოპოზიციური პარტია. ლეიბორისტული პარტია შესვლაზე უარს ამბობს, ევროპული საქართველოს პოზიცია დღეს გახდება ცნობილი, ნაციონალურ მოძრაობაში კი კონსულტაციები მიმდინარეობს.