საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 იანვარს ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი.
უწყების ცნობით, ფესტივალი საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ქართულ ფილმებს ტოკიოში, ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ "Iwanami Hall"-ში აჩვენებენ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. მან საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები მიმოიხილა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.