იაპონია ტოკიოსთან მიახლოებული ძლიერი ტაიფუნი „დუჯუანის“ გამო რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდება. სტიქიამ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, რის ფონზეც ქვეყნის ხუთ პრეფექტურაში (იბარაკი, ჩიბა, ტოკიო, კანაგავა და შიზუოკა) 1 674 084 ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა ეს პროცესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
ჩიბას პრეფექტურის ქალაქ სოდეგაურაში ხელისუფლებამ დაახლოებით 40 000 მცხოვრებისთვის მე-5 დონის, ყველაზე მაღალი საფრთხის გაფრთხილება გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, „საკუთარი სიცოცხლე დაიცვან“ და გადავიდნენ მეორე სართულზე მაღლა, ფერდობებისა და მეწყერსაშიში ადგილებისგან მოშორებით.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი ცენტრში 130 კმ/სთ სიჩქარის მუდმივ ქარს იწვევს, ხოლო ქარის მაქსიმალური სიჩქარე 194 კმ/სთ-ს აღწევს, თანაც ვარაუდობენ, რომ ის მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გადაამოწმოთ სტიქიური უბედურების რისკი საკუთარ მუნიციპალიტეტებში და უზრუნველყონ ევაკუაცია მანამ, სანამ მე-4 დონის ბრძანება გაიცემა.
სტიქიამ სერიოზული შეფერხებები გამოიწვია ტრანსპორტის მუშაობაში: გაუქმდა 300-მდე ავიარეისი, მათ შორის Japan Airlines-მა 135, ხოლო All Nippon Airways-მა 140 რეისი შეაჩერა, პარალელურად კი მატარებლების მოძრაობაც შეიზღუდა. კანტოს რეგიონში დაახლოებით 4 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, კანაგავას პრეფექტურაში კი შიშობენ, რომ მეწყერმა სახლი გაანადგურა და ნანგრევებში ერთი ადამიანია მოყოლილი.
შექმნილი საშიშროებიდან გამომდინარე, იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობისა და მეწყერების საფრთხის გამო ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში მეხუთე, უმაღლესი დონის საგანგებო გაფრთხილება გასცა, ხოლო იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილსა და სხვა პრეფექტურებში მეოთხე დონის გაფრთხილება შენარჩუნდა.
