logo
ENG



ევროკავშირის ელჩი საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მივიდა

15 ნოე 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა საკითხის განსახილველად მივიდა ჰარცელი აშშ-ის ელჩთან.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის  მოლაპარაკებები სწორედ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმართება.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების III რაუნდი. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების II რაუნდი გუშინ, 14 ნოემბერს გაიმართა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილმა იმას, რაც ოცნებისგან მოისმინა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა, თუმცა, არც ერთი პარტიის ლიდერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და კამერების ჩანაწერების ამოღება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელისუფლებამ თვითონ თქვა უარი ხმების გადათვლაზე მაშინ, როცა საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 


close დახურვა