logo
ENG



ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის კრიზისზე საგანგებო შეხვედრა დანიშნეს

17 აგვ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბელარუსის კრიზისზე საგანგებო შეხვედრა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"მოვუწოდებ ევროპული საბჭოს წევრებს, რომ ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე 19 აგვისტოს, 12 საათზე ვისმჯელოთ. ბელარუს ხალხს უფლება აქვს, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი. დემონსტრანტებზე ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მისი პრესსპიკერი, ასევე Twitter-ის მეშვეობით იტყობინება, რომ საგანგებო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება, ტექნიკურ დეტალებს კი მოგვიანებით გაავრცელებს. 

საგანგებო სამიტის დანიშვნის შესახებ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს პოლონეთის პრემიერმინისტრმა 10 აგვისტოს მოუწოდა. 

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მათ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირი აპირებს შეიმუშავოს "შავი სია", ვის მიმართაც იქნება მიმართული სანქციები. 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.


close დახურვა