საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს და დაძაბულობის დეესკალაციისთვის მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების გატარების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების , ისევე როგორც, პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის ფონზე, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.
ევროკავშირს ღრმად სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხი მხოლოდ პირდაპირი დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას. ჩვენ მოგიწოდებთ მყისიერი დეეკსალაციასიისკენ ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
პოლიტიკური გამბედაობა და დემოკრატიული ლიდერშიფი არის საჭირო პარტიებს შორის შეთანხმების მისაღწევად და გაღრმავებადი პოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად. დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და დაძაბულობის განმუხტვისთვის კი ფართო პოლიტიკური ერთობა არის საჭირო, ისევე როგორც, ამბიციური და ყოვლისმომცველი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის გატარება. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობებია კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან გასამკლავებლად.
ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
ქართულმა ოცნებამ კი პრემიერმინისტრობის კანდიდატად ექსპრემიერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.