ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა სამშაბათს, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ევროკომისრის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი გამიზნულია როგორც ფულადი დახმარებისთვის, ასევე მოსახლეობის საკვებით, წყლით, საცხოვრისითა და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისთვის, გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვისაც. ამასთან, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის დამატებით გენერატორებს გაუგზავნის.
დახმარების ახალი პაკეტის თანახმად, გამოყოფილი 100 მილიონი ევრო უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი ევრო კი მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამიზნული.
როგორც DW წერს, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას 843 მილიონი ევროს მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.