logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდი ევრო გამოუყო

08 ივნ 202618:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/ofn3aulza00t11d.jpeg

ევროკომისიამ უკრაინას დღეს თითქმის 2.8 მილიარდი ევრო გადაურიცხა, რათა ქვეყანამ შეძლოს მიმდინარე ფინანსური საჭიროებების დაფინანსება და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შენარჩუნება რუსეთის აგრესიული ომის პირობებში.

აღნიშნული ტრანში წარმოადგენს მეშვიდე გადახდას „უკრაინის მექანიზმის“ (Ukraine Facility) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის აღდგენის, რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მხარდასაჭერად.

ბოლო გადახდის ჩათვლით, ევროკავშირის მიერ უკრაინის გეგმის ფარგლებში გამოყოფილმა დახმარებამ 29.5 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც მექანიზმის პირველი სვეტის ბიუჯეტის თითქმის 77%-ს შეადგენს. აღნიშნული სვეტი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ფინანსური დახმარების გამოყოფას წინ უძღოდა უკრაინის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელება რამდენიმე სტრატეგიულ სფეროში. მათ შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, სასამართლო სისტემა, ფინანსური ბაზრები, ადამიანური კაპიტალი, ბიზნესგარემო, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კრიტიკული ნედლეული, ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე გარდაქმნა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რეფორმების სწრაფად და მიზანმიმართულად განხორციელებამ ეს გადახდა დაიმსახურა და ევროკავშირი უკვე ამზადებს საფუძველს გაწევრიანების მოლაპარაკებებში შემდგომი პროგრესისთვის.

უკრაინამ ნაწილობრივი გადახდის მოთხოვნა 14 აპრილს წარადგინა. 28 მაისს ევროკავშირის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის შეფასებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ წარმატებით შეასრულა აღნიშნულ გადახდასთან დაკავშირებული 11 რეფორმა, ასევე მეხუთე და მეექვსე ტრანშებიდან დარჩენილი სამი რეფორმა და მომავალი გადახდებიდან წინასწარ გათვალისწინებული ოთხი რეფორმა.


close დახურვა