logo
ENG



ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთს ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესოს

13 ოქტ 202015:57
3 წუთის საკითხავი
clock 401
7gs4o2mywizoz77.jpg

ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივას, სანქციები დაუწესდეს რუსეთს, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. 

ბერლინისა და პარიზის წარმომადგენლებმა ინიციატივა ლუქსემბურგში, საგარეო მინისტრების შეხვედრაზე გააჟღერეს. მათი თქმით, მოსკოვს არ წარმოუდგენია არავითარი დამადასტურებელი ცნობა, თუ რატომ შეიძლებოდა ნავალნის სხეულში აკრძალული საბჭოთა ნერვული აგენტი აღმოჩენილიყო. 

სანქციების ინიციატივა მოსკოვის მიმართ ბლოკის პოზიციების გამკაცრებას გულისხმობს, თუმცა მისი მთავარი შინაარსი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამართლებრივი საკითხები მოწესრიგდება. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ნავალნის მოწამვლას "არ შეიძლება სათანადო რეაგირება და შედეგები არ მოჰყვეს". 

"შემოთავაზებული სანქციები კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობს, რომლებიც ამ პროცესში თვალსაჩინონი იყვნენ", - განაცხადა მაასმა

მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს ნავალნის მოწამვლის საქმეში თანამონაწილეობას. თავად ნავალნიმ კი, 26 დღიანი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მოწამვლა პირადად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით განხორციელდა. 

ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. 

გერმანული მხარის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ფიქტიური გამოძიებაც კი არ ჩაატარა. 

ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 


close დახურვა