logo
ENG



ევროპარლამენტარები: საქართველო კვლავ რჩება რუსეთის სხვადასხვა ჰიბრიდული აქტივობის სამიზნედ

07 აგვ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები ამ დრომდე იგრძნობა და საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი კვლავ ოკუპირებულია.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ასობით ათასი ადამიანი ვერ ახერხებს საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას, რითაც მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება იზღუდება.

"საქართველო კვლავ რჩება რუსეთის სხვადასხვა ჰიბრიდული აქტივობის სამიზნედ, როგორიცაა დეზინფორმაციის კამპანია და კიბერთავდასხმები", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ლიდერები მიიჩნევენ, რომ "2008 წლის შოკისმომგვრელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება".

ევროდეპუტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების სისტემატური დარღვევა. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 მშვიდობიანი მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.


close დახურვა