logo
ENG



12 წელი აგვისტოს ომიდან - რუსეთი საქართველოს ოკუპაციას კვლავ აგრძელებს

07 აგვ 202009:01
3 წუთის საკითხავი
 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

12 წლის წინ სწორედ ამ დღეს, რუსული სამხედრო ნაწილები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. მომდევნო დღიდან საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური ბრძოლები დაიწყო.

ქართულმა ძალებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის საჰაერო იერიშის შედეგად პოზიციების დათმობა მოუწიათ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ვაზიანის და სენაკის სამხედრო ბაზები, მარნეულის სამხედრო აეროდრომი, ქალაქი გორი, ფოთის პორტი და კოდორის ხეობა.

ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიის გარდა, რუსულმა არმიამ დაიკავა ახალგორი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის სოფლები და სოფელი პერევი. საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის რუსეთი 7 აგვისტომდეც ემზადებოდა. მათ შორის, 2 აგვისტომდე, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობდა მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ 2008“, რის შემდეგაც სამხედროები საქართველოს საზღვართან რჩებოდნენ.

12 აგვისტოს, შუამავალი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას.

12 წლის თავზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ოკუპაციას აგრძელებს.


close დახურვა