ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის საქართველოში ვიზიტი დასაფასებელია და საჭირო იყო მისი წარმომადგენლის საქართველოში გაგზავნაც. მისივე თქმით, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, ორივე მხარემ უნდა შეასრულოს.
"ჩემი აზრით, უნდა დავაფასოთ და მადლობელი ვიყოთ შარლ მიშელის ვიზიტის. მან ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. საქართველოში ძალიან ნათელი გზავნილებით ჩამოვიდა და ორივე მხარეს დაუტოვა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ორივე მხარემ უნდა შეასრულოს.
ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებაა კრისტიან დანიელსონის დანიშვნაც, რომელიც ევროკომისიის წარმომადგენელია შვედეთში.
მას 20 წელია ვიცნობ, იყო ჩართული გაფართოვების პოლიტიკაში, იყო შვედეთის მისიის წევრი აქ, ბრიუსელში. ჩემი შეფასება მის მიმართ არის საუკეთესო. ის არის შრომისმოყვარე, კომპეტენტური, დაბალანსებული დიპლომატი, ექსპერტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის კარგი მცოდნე. მგონია, რომ მისი მონაწილეობა ძალზედ საჭიროა", - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.