logo
ENG



ევროპარლამენტის ჯგუფი Renew Europe უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გმობს

12 თებ 202023:58
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გმობს. ამის შესახებ განცხადებას Renew Europe ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ უგულავასთვის 38 თვიანი პატიმრობის მისჯა იმ საქმისთვის მოხდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.

ევროპარლამენტარების თქმით, სასამართლო არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების ჩასაჩუმებლად.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უგულავას დაპატიმრება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა.

„ოპოზციის ლიდერის გიგი უგულავას ბოლო დაპატიმრების შემდეგ, შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოწინავე ქვეყანა იყო. დაჟინებით მოვითხოვთ მმართველი ქართული ოცნების და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისგან გამოიჩინოს კეთილი ნება და მზაობა და სრულყოფილად ჩაერთოს ოპოზიციასთნ პოლიტიკურ დიალოგში “ - აცხადებს ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან, პეტრას აუშტრევიჩიუსი.

Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრის რამონა სტრუგარიუსისთვის საქართველოში არსებული ვითარება მიუღებელია. მისივე განცხადებით, საარჩევნო კანონთან დაკავშირებული რეფორმები დიალოგის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

„გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ვერდიქტი შარშან ნოემბერში სამოქალაქო საპროტესტო აქციების დარბევას მოყვა. როდესაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას თბილისში დეკემბერში ვესწრებოდით, გადმოგვეცა ოპოზიციის დაკავებულ წევრთა 80 კაციანი სია, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე საქართველოს ხელისუფლებასთან და მკაფიოდ ვუთხრათ, რომ არსებული სიტუაცია მიუღებელია. ოპოზიციის ხმა არ უნდა გააჩუმო და რეფორმები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც საარჩევნო კანონია, დიალოგის გზით უნდა გატარდეს. ჩვენ ევრონესტის ასამბლეის სესიის დროს მმართველმა პარტიამ დაგვარწმუნა, რომ დიალოგი შესაძლებლი იყო. ბოლო მოვლენები, ვშიშობ საპირისპიროზე მიუთითებს და აუარესებს პირობებს სათანადო დიალოგის გასაგრძელებლად ევროპულ ინსტიტუტებთანაც კი“, -განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა რამონა სტრუგარიუმ.

დანიელი ევროპარლამენტარი კარენ მალხიორი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მალხიორი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მჭიდრო დარჩება, რათა გაგრძელდეს მუშაობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

„დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ამ ბრალდებების მიმართ სერიოზული მიდგომა, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში კანონის უზენაესობის ფუნქციონირება და ხალხის ნდობის აღდგენა სასამართლო სისტემის მიმართ. ვიმედოვნებ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მჭიდრო დარჩება და შევძლებთ მუშაობა გავაგრძელოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.  ჩვენ ევროპარლამენტში  ყურადღებით გავაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე დაკვირვებას.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა