logo
ENG



ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

15 დეკ 202220:49
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის გენოციდად აღიარებას მხარი 507-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა. 12-მა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, 17-მა კი თავი შეიკავა.

„დეპუტატები მტკიცედ გმობენ ამ ქმედებებს, რამაც მილიონობით უკრაინელის დაღუპვა გამოიწვია და მოუწოდებენ ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, მიჰყვნენ მათ მაგალითს და [ჰოლოდომორი] გენოციდად აღიარონ“ - წერია რეზოლუციაში.

პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის და მისი დიქტატორის, იოსებ სტალინის კულტის გაცოცხლების შედეგია ის, რომ რუსეთი დღეს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.

ევროდეპუტატებმა ასევე დაგმეს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სასტიკი დანაშაულები, მათ შორის სამოქალაქო ენერგოინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ნგრევა ზამთრის პერიოდში.

„საბჭოთა პერიოდთან კავშირების გავლებით, რეზოლუცია რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს და უკრაინის, როგორც ერი სახელმწიფოს ლიკვიდაციას და მისი ხალხის იდენტობისა და კულტურის განადგურებას ცდილობს“ - წერია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე გმობს საკვების გლობალური კრიზისის შექმნას. მათი თქმით, რუსეთი უკრაინის მარცვლეულის მარაგებს ანადგურებს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის ყველაზე ღარიბ ქვეყნებამდე ექსპორტს.

26 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად იყენებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ომში მსგავს ტაქტიკებს იყენებს - მისი თქმით, ოდესღაც უკრაინელების განადგურება შიმშილით უნდოდათ, ხოლო დღეს სიცივითა და სიბნელით.

 

close დახურვა