ევროპის პოლიტიკის სწავლების ცენტრის (CEPS) ახალ ანგარიშში, რომელშიც ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) დემოკრატიის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების მიმართულებების შედარებითი ანალიზია მოყვანილი, საქართველო 2020 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო, დისფუნქციურ დემოკრატიად არის შეფასებული.
"საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, რამაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება გამოიწვია. ამას წინ უძღოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მასშტაბური დარღვევები (ამომრჩეველთა მოსყიდვა). ანგარიშის წერის პარალელურად, საქართველოში განგრძობადი საჯარო პროტესტი მიმდინარეობს, არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, არამედ 2021 წლის 23 თებერვალს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო.
ამ მიზეზთა გამო საქართველო ფასდება როგორც დისფუნქციური დემოკრატია. ოპოზიციური პარტიები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, რასაც, გამართული სტანდარტებით ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია გამოესწორებინა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროპის პოლიტიკის სწავლების ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრია პოლიტიკის მიმართულებით.